ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დასრულებულია და იმ კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც პორტის აშენების ინტერესი გამოხატეს, საზოგადოებას უახლოეს ხანებში წარედგინება.
„ანაკლიასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას რაც შეეხება, განაცხადების მიღება ოფიციალურად 19 ივნისს დასრულდა. გიდასტურებთ, რომ ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მივიღეთ განაცხადი. არის ინდივიდუალურად კომპანიები და არის კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები.
კომპანიების მიმართ გარკვეული შესაბამისობის კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, მათ შორის ფინანსური მდგრადობის და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია. ახლა, ამ ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება მიდის და საზოგადოებას უახლოეს ხანებში მივაწვდით ინფორმაციას, მათ შორის მონაწილე კომპანიების და მათი გამოცდილების შესახებ და ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ კომპანიების მხრიდან გამოვითხოვეთ. ამ ეტაპზე, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, სამწუხაროდ, ვერ გავუზიარებთ, თუმცა, ჩვენი სააგენტო ინტენსიურად მუშაობს, ეს განაცხადები რომ დამუშავდეს, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე განაცხადი იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მიღებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
- ანაკლიის პორტის მშენებლობა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის როლს შავ ზღვაზე - ლევან დავითაშვილი
- პრემიერი ყაზახ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ანაკლიის პორტი, სამუშაო დაიწყება წელს
საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა.
უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.
ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.
ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა.
„ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის.
ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
„ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში..
ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში.
რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან.
-
ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
-
ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
-
ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
-
პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.