უკრაინის ელჩი: ევროკავშირი რუსეთის დაშლის სცენარს განიხილავს

უკრაინის ელჩმა ევროკავშირში, ვსევოლოდ ჩენცოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არამხოლოდ თვალს ადევნებს რუსეთსი მიმდინარე მოვლენებს, არამედ, ინტენსიურ დიალოგშია ჩართული, მათ შორის უკრაინის ხელმძღვანელობასთან.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 3,5 მილიარდი ევროთი გაზარდოს ევროპის სამშვიდობო ფონდის ზედა ზღვარი, რომელიც უკრაინაში გაგზავნილი იარაღისთვის ქვეყნებს კომპენსაციას უხდის.

ელჩის შეფასებით, ეს არ არის დაკვირვება, ეს არის ევროკავშირის და მინისტრების (ევროკავშირის წევრი ქვეყნების) მხრიდან მოქმედების სურვილი. მისივე თანახმად, ევროკავშირი განიხილავს რუსეთში მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის მის დაშლას.

„ევროკავშირი დიდი ხანია, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისთვის რუსეთის დაშლის შემთხვევაში სცენარების შემუშავებას განიხილავს, სხვა საკითხებთან ერთად. ამ ომმა... რა თქმა უნდა, გააერთიანა და გაააქტიურა ევროკავშირი, მაგრამ ასევე გვასწავლა პროაქტიულად მოქმედება, რათა განვიხილოთ სხვადასხვა სცენარი და არ დავეყრდნოთ მხოლოდ რუსი ლიდერების მიდგომებს. ხვდებიან, რომ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია და იქ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს", - განაცხადა უკრაინის ელჩმა.


ცნობისთვის, აშშ-ის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა წუხელ, გვიან საღამოს გაკეთებულ კომენტარში განმარტა, რომ მოკავშირეებთან ვიდეოზარები განახორციელა, რომლის დროსაც ყველა თანხმდებოდა, რომ იმუშავებდნენ იმის უზრუნველსაყოფად, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ მისცემოდა საბაბი, მომხდარი დასავლეთისთვის ან NATO-სთვის დაებრალებინა.



დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.


ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. 

ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.

უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.

2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.

„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.