ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი ევროკომიის მოხსენების მოლოდინის ფონზე მიესალმება ბოლო დროს საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს. ეს განცხადება მან ბრიუსელში, ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის წინ, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მიშელმა განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე.
სამიტს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც ესწრება.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
- დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
- „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
22 ივნისს, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად გახდა ცნობილი. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.