აშშ ახლოსაა უკრაინისთვის არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის (ATACMS) მიწოდების დამტკიცებასთან, წერს Wall Street Journal-ი (WSJ) ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
WSJ-ის წყაროების თანახმად, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ელოდება დამტკიცებას "უმაღლეს დონეზე", მაგრამ თეთრმა სახლმა გააცნობიერა უკრაინის ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობა უახლოეს კვირებში.
„ვაგნერის ჯგუფის აჯანყებამ“ შესაძლოა, არგუმენტი მისცა სკეპტიკოსებს, თუმცა ახლა არ არის სიტუაციის ესკალაციის დრო, წერს WSJ. თავის მხრივ, CNN იტყობინება, რომ NATO-მ მოუწოდა კიევს არ დაერტყა რუსეთისთვის 23-24 ივნისს მიმდინარე აჯანყების დროს, რათა არ შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მოკავშირეები პრიგოჟინის მხარეს არიან და ერევიან რუსეთის საშინაო საქმეებში.
ამერიკელმა კანონმდებლებმა კონგრესს 16 ივნისს წარუდგინეს კანონპროექტი, რომელშიც უკრაინისთვის ATACMS-ის შესაძენად 80 მილიონი დოლარის გამოყოფა მოითოვეს.
უკრაინისთვის 300 კილომეტრიანი რაკეტების მიწოდება გასული წლიდან მწვავე დებატების თემაა ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის.
2022 წლის ივლისში, ეროვნული უსაფრთხოების საკითებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იყო მზად ATACMS-ის მიწოდებისთვის, იმის შიშით, რომ კონლფიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების ასეთმა უხალისო დამოკიდებულებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს კიევს დანარჩენი უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაში.
შორი რადიუსის იარაღის დეფიციტმა შეიძლება ასევე გაახანგრძლივოს რუსეთის აგრესიული ომი და ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. კიევმა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი (Storm Shadow) უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრზე მეტია.
Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე.
„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.
ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.
ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.