გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს

ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. მისივე თანახმად, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს ლიეტუვაში პირველად აქვს საბრძოლო ამოცანები, ადგილზე მის ფუნქციონირებას გერმანული ეკიპაჟი კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე უზრუნველყოფს. 

ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, 3000 ჯარისკაცი გამოყო. ალიანსის ლიდერები და სხვა პარტნიორები ლიეტუვის დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის NATO-შ გაწევრიანების საკითხი განიხილონ.

უფრო ადრე, ესპანური მედია წერდა, რომ ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს.


გარკვეული კონტექსტი

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ.

მოსალოდნელია, რომ ვილნიუსის სამიტზე ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მან ხაზი გაუსვამ, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“.

პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს.


გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს.


გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება.  ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა.

პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ.


თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. მანამდე NATO-ს, აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არ ჰყავდა განთავსებული.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.

ასევე გაეცანით: