უკრაინამ 6 ივლისს ტყვეთა გაცვლის შედეგად, 45 დამცველი დაიბრუნა. დღესვე ცნობილი გახდა, ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცთან თანამშრომლობით, შტაბმა ასევე მოახერხა რუსეთის მიერ ადრე დეპორტირებული კიდევ ორი ბავშვის დაბრუნება. მათი დედა, სამხედრო მედიკოსი, რუსული ტყვეობიდან 2022 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.
სამთავრობო პორტალის Children of War-ის ცნობით, რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 19 493 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა ან ძალის გამოყენებით გადაასახლა.
სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა 2022 წლის 11 მარტიდან რუსეთთან 47 ტყვეთა გაცვლა უზრუნველყო. ამ დროის განმავლობაში რუსული ტყვეობიდან 2576 ადამიანი გათავისუფლდა.
- გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილე: უკრაინიდან რუსეთში 2,5 მილიონი ადამიანია იძულებით დეპორტირებული
- HRW-ის ახალი ანგარიში: რუსულ ძალებს უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში
- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: კრემლი ლუგანსკში ძალებს გზავნის. იძულებით გადაჰყავს უკრაინელი ბავშვები რუსეთში
- რუსეთმა იძულებით წაიყვანა უკრაინიდან თითქმის 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი - ვოლოდიმირ ზელენსკი
გაერომ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა.
Reuters-ის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს.
ანგარიშის ავტორია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა. ის გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს ეწვია.
ვირჯინია გამბა რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველს, მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, დაპატიმრების ორდერი გასცა.
უკრაინის მთავრობის პორტალის, Children of War-ის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, 2023 წლის ივნისის მონაცემებით 490 ბავშვი დაიღუპა და 1028 დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ 5 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 1048-მდე გაიზარდა.