რუსეთმა იძულებით წაიყვანა უკრაინიდან თითქმის 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი, ხოლო ათიათასობით უკრაინელი იმყოფება „ფილტრაციის ბანაკებში“, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხზე აზიის ლიდერთა კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა შექმნა ე. წ. ფილტრაციის ბანაკები, რომლის გავლასაც აიძულებს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ათიათასობით ადამიანი რჩება ამ ბანაკებში.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადაყვანა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ან რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილებში ე.წ. „ფილტრაციის ბანაკების" გავლით. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი მაისში საუბრობდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.