მეთიუ მილერი: აშშ აგრძელებს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ აგრძელებს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას. ამის შესახებ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ჰკითხეს რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ ვილნიუსში გაკეთებულ არცერთ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა.

„საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია -  ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია NATO-ს უახლოესი პარტნიორებისთვის. შეერთებული შტატების სახელით შემიძლია, განვაცხადო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას,“ - აღნიშნა მილერმა.

ასევე გაეცანით:


მას ასევე ჰკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვილნიუსის სამიტზე არყოფნის მიზეზთან დაკავშირებით, რომ სიმართლეს შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში უკრაინის ომთან დაკავშირებით NATO-ს კრიტიკის გამო არ მიიწვიეს.

„ამის შესახებ არაფერი ვიცი,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით.

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.