პოლონეთი ბელორუსის საზღვართან ახალ სამხედრო ნაწილს შექმნის

წელს, პოლონეთში, ქალაქ ავგუსტოვში, ბელორუსის საზღვართან ახლოს ახალი საინჟინრო ბატალიონი შეიქმნება. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ავგუსტოვში ვიზიტისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, ქვედანაყოფი შეიარაღებული იქნება, მათ შორის ნაღმების ბორბლიანი დაგების სისტემებით.

როგორც ბლაშჩაკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, პოლონეთი თავს იცავს იმ საფრთხისგან, რომელიც „ვაგნერის“ ბელორუსში განლაგებას მოჰყვა.

ამიტომ მან ორი მექანიზებული ბრიგადა დასავლეთიდან ქვეყნის აღმოსავლეთში, ბელორუსის საზღვართან უფრო ახლოს გადაიტანა. კერძოდ, საუბარია მე-12 და მე-17 მექანიზებული ბრიგადების ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის გადაყვანაზე.


შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც.

რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.