მედია: საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა და მისმა ბერძენმა კოლეგამ, კირიაკოს მიცოტაკისმა უკრაინული მარცვლეულის საბერძნეთში სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების საკითხები განიხილეს.

ამის შესახებ Mediapool-ი დენკოვზე დაყრდნობით წერს.

გეგმის მიხედვით, ბულგარული მატარებლები უკრაინული მარცვლეულით უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე დაიტვირთება და მარცვლეულს საბერძნეთის ალექსანდროპოლის პორტში გადაიტანს. როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია აქვს თუ არა ბულგარეთს საჭირო სატრანსპორტო შესაძლებლობები, რადგან მისი სახელმწიფო რკინიგზა ლოკომოტივებისა და სატვირთო ვაგონების დეფიციტს განიცდის. თუმცა, საბერძნეთმა თავისი სარკინიგზო ხაზების განვითარება დაიწყო, რაც ბულგარეთის ინტერესს იწვევს.


ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.

თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
 
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.

ასევე წაიკითხეთ: