ჩინეთის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თურქეთში პირველი საგარეო ვიზიტისას „შუა დერეფნის“ საკითხიც განიხილა

ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი თავისი პირველი საგარეო ვიზიტით, დანიშვნიდან მეორე დღეს, თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვიზიტისას მან თურქ კოლეგასთან, ჰაქან ფიდანთან განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი, რის შემდეგაც მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა.


ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და ჩინეთი გააძლიერებენ თანამშრომლობას, რადგან ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ და რეგიონულ საკითხებში.

თურქეთში ჩინელი დიპლომატის ვიზიტის დროს მოლაპარაკებები ასევე მოიცავდა ჩინეთის „სარტყელი და გზისა“ და „შუა დერეფნის“ ინიციატივების ჰარმონიზაციას.


თავის მხრივ, თურქული სააგენტო Anadolu-ს თანახმად, თურქეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების გზები, ჩინეთის ინიციატივა - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ და ასევე, შუა დერეფნის საკითხი; ბირთვული ენერგიის, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.


ცნობისთვის, (TITR) „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ - შუა დერეფანი ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.


„ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას კი, 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს.

ჩინეთისთვის ალტერნატივას წარმოადგენს 6 500 კილომეტრიანი ქსელი, რომელშიც საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გზები შედის. 

ეს მარშრუტი მოიცავს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და შემდეგ ევროპას, და ის ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის (შუა დერეფანი) სახელითაა ცნობილი.