შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთზე, როგორც ანაკლიის პორტის შესაძლო მთავარ ინვესტორზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. აღნიშნა, რომ ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, ოპოზიციონერების მხრიდან უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის.


„საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ეხმიანება ის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. ქვეყნის მთავარი დამცველი მისი ხელისუფლებაა და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები.

ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე? თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა, ეს ძალიან საინტერესოა.

ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს იმაზე, რომ პროექტი შეიძლება, ვინმეს გადაეცეს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩინურ ინვესტიციებში საფრთხეს ვერ ვხედავთ. არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია. ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტისას ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება.

ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების საკითხზე ჩინეთის ელჩმა Europetime-ის შეკითხვას გასული წლის ბოლოს უპასუხა.


როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.


20 იანვარს, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორ უყურებთ ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, არის თუ არა ინტერესი და თანამშრომლობა ამ კუთხით. როგორც ცნობილია, ბათუმის პორტში, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელდა, „ტრამოს“ სახით, რაც ყველაზე დიდი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციაა აჭარის რეგიონში. ამ კითხვით მიმართა Europetime-მა სენატორს.

„ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებას შეეხება. უკრაინის ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა.

მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მათ შორის ეკონომიკური კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, ძირითად მიმართულება ამ სტრატეგიის გახლავთ, ეროვნული და კოლექტიური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, სტრატეგია მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში 31 ივლისს განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან.

ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა.