საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი.
მღებრიშვილის განმარტებით, კოტეჯების ადგილზე ფრაგმენტებია დარჩენილი და იმ ადგილებამდე მისვლას ჯერ ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ახლა ადგილზე „ტექნიკა შეჰყავთ, რომ გზა გაიჭრას.“
„ვცდილობთ, მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ. ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა სამუშაოს მეტი ყურადღება მიაქციონ და ცხედარი აღმოჩენის შემთხვევაში არ დაზიანდეს. გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და ამ ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს მოგვიანებით მოგახსენებთ.
ყველა ეპიცენტრში შესულები ვართ. სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერია. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს.
შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი.
მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.