პრეზიდენტი: დღეს ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, მთავრობასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაციაში ჩაერთოს, თუკი შოვში მომხდარი ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოში მათი დახმარება გახდება საჭირო.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

„მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანას. მათ დღეს უკვე სოლიდარობა გამოაცხადეს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერისგან მოვისმინე, რომ ჯერ არ ვთვლით საჭიროდ სხვა ქვეყნების, სხვა პარტნიორების დახმარებას.


თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, მზად ვარ, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში თუ ჩემი როლი საჭირო გახდა, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


მან რაჭაში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის წინაშე, რაც გუშინ ღამეს და დღეს დატრიალდა. მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები იქნებიან. ეს ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ყოველი მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ტრაგედიის წინაშე გაერთიანება ვიცით.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ყველა შესაძლებლობებით დავეხმაროთ ადამიანებს, რათა მათი ცხოვრების ეს გაუსაძლისი პერიოდი გადალახონ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთა, რათა ადამიანები გადაერჩინა.

მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად სოლიდარობას ვუცხადებთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, მთავრობას. დღეს ერთიანობის დრო არის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის.

მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ყველაფერში ჩავერთვები, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. მომავალ დღეებში თვითონაც ვნახავთ, რა კუთხით შეიძლება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში.


შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს ისინი უსაფრთხოდ არიან.


მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.

ამ დროისთვის დაახლოებით 30-მდე ადამიანს ეძებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.