ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
ძებნა-შველის სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
„სამაშველო ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი.
დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა, რომლის საშუალებითაც, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა მოხერხდა,“ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს, ისინი უსაფრთხოდ არიან.
- შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.
მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.
ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.