შოვში სტიქიის მესამე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის,“ წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარი ერთვება.
შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.