სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან აქტიურად ჩაერთნენ მიმდინარე სამძებრო სამუშაოში. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები.
სამხედროები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუხლუხოებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ, დამეწყრილი ფერდობის პერიმეტრზე გაიშალნენ და სპეციალური ხელსაწყოებით სისტემურად ამოწმებენ ტერიტორიას.
გუშინ, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოში ჩაერთნენ,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
5 აგვისტოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთო. ამავე დღეს, 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.