TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედმა სამდივნომ, პარტნიორებთან ერთად, სავაჭრო მარშრუტების განვითარებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციების შემუშავების საკითხები განიხილა. დისკუსია გაიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ასევე, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია TRACECA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
შეფერხებების შემცირებისა და ტრანზიტის პროცედურების გაძლიერების მიზნით, შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა, საბაჟო პრაქტიკის და საზღვრის გადაკვეთის ჰარმონიზაცია, ასევე, ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის განვითარება.
TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედმა სამდივნოს გენერალური მდივანი ასეტ აზავბაევი აცხადებს, რომ სამუშაოს ძირითადი სფეროები მოიცავდა მულტიმოდალური ტრანსპორტის ზრდას, დერეფნის დიგიტალიზაციასა და საზღვაო ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდას.
„მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარებისთვის ეფექტიანია, როგორც პირდაპირი საინვესტიციო ღონისძიებები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ისე ყოვლისმომცველი ღონისძიებები, რომლებიც ტრანსპორტის ღირებულების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ არის მიმართული.
TRACECA-ს ფარგლებში, ასევე გამახვილდა ყურადღება მულტიმოდალური ტრანსპორტის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციაზე. მუდმივმოქმედი სამდივნო გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს რეგიონში უფრო დიდი და ეფექტიანი კავშირის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა ასავბაევმა.
პრესსამსახურის ცნობით, ასევე მოსალოდნელია ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს როგორც დაინტერესებული მხარეების, ისე, მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებსა და მთავარ პრიორიტეტებს.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, მულტიმოდალური ტრანსპორტის საკითხებზე შეხვედრა 27-28 ივლისს, თბილისშიც გაიმართა.