ევროკავშირმა უკრაინას 200 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი და 2000-ზე მეტი რაკეტა მიაწოდა

წლის განმავლობაში მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 200 000-ზე მეტი ჭურვი გადასცეს.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას თითქმის 22 4000 საარტილერიო ჭურვი და 2300 რაკეტა მიაწოდეს.

ამის შესახებ ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.


გეგმის პირველი ეტაპის შესაბამისად, რომელიც თებერვლიდან მაისის ბოლომდე მოქმედებდა, ერთი მილიარდი ევრო გამოიყო, რომ ევროკავშირის ქვეყნების არსენალებიდან მიწოდებული ჭურვების ღირებულების დაახლოებით ნახევარი დაფარულიყო. გეგმის მიზანია, ერთი წლის განმავლობაში უკრაინა მილიონი ჭურვით უზრუნველყონ.


მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმა შეათანხმა. მისი ღირებულება ორი მილიარდი ევროა. დახმარების პაკეტი ევროპის ქვეყნების მარაგებიდან უკრაინის ჯარების მომარაგებას და ასევე, ახალი საბრძოლო მასალის წარმოების შეკვეთებს ითვალისწინებს.

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 155-მილიმეტრიანი ჭურვებისა და რაკეტების საწარმოებლად ერთობლივი კონტრაქტების შესახებ, იარაღის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს მართავენ.


ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, კიევში 9 მაისს განაცხადა.


ცნობისთვის, საერთო ჯამში, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ 2023 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ,  დაახლოებით 20 მილიარდი ევრო დახარჯეს უკრაინის ყველა სახის იარაღით მომარაგებისთვის. პენტაგონის მონაცემებით, 25 ივლისის მდგომარეობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 43,7 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.


როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას?

უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის პასუხად, ევროკავშირის ლიდერებმა და ინსტიტუტებმა დაუყოვნებლივ და მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესია და მის მიერ საერთაშორისო კანონების დარღვევა. ევროკავშირი მოითხოვს რუსეთისგან, რომ მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და უპირობოდ გამოიყვანოს ყოველგვარი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. ევროკავშირი ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.


ევროკავშირი ერთიანია უკრაინისადმი თავის მტკიცე მხარდაჭერაში და მან ქვეყნისადმი პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა გააძლიერა. რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა და მისმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა 37.8 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლეს. ეს თანხა უკრაინის ეკონომიკურ, სოციალურ და ფინანსურ გამძლეობას მაკროფინანსური თუ საბიუჯეტო მხარდაჭერის, სასწრაფო დახმარების, კრიზისზე პასუხისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით ხმარდება. 

ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ასევე აფინანსებს იარაღის და სხვა აღჭურვილობის შესყიდვას და იმ  ქვეყნისთვის მიწოდებას, რომელიც თავდასხმის ქვეშაა. ამავე დროს, ევროკავშირმა მიიღო სანქციების უპრეცედენტო პაკეტი როგორც კრემლის, ისე ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ.


ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით?

უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სიტყვებით, დაირღვა მორიგი ტაბუ: ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ აღჭურვილობას მესამე ქვეყანას მიაწოდებს.

ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში თავდაპირველად 500 მილიონი ევროს მობილიზებას დათანხმდა, რათა უკრაინის არმიის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობით მომარაგება დაეფინანსებინა. თანხა 500 მილიონი ევროს მოცულობის ტრანშებით 2022 წლის 23 მარტს, 13 აპრილს, 13 მაისს, 19 ივლისსა და 17 ოქტომბერს და 2023 წლის 23 იანვარს გაიზარდა, რის შედეგადაც დაფინანსებამ მთლიანობაში 3.6 მილიარდი ევრო შეადგინა.

ამ დაფინანსებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის სამხედრო ძალებს მიაწოდებენ როგორც პირადი დამცავი აღჭურვილობის, პირველადი დახმარების ნაკრებების თუ საწვავის მსგავს მარაგებს, ასევე თავდაცვისთვის განკუთვნილ ლეტალური ძალის სამხედრო აღჭურვილობას.  

დამატებით, 2022 წლის 17 ოქტომბერს ევროკავშირი შეთანხმდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ორწლიან სამხედრო დახმარების მისიას (EUMAM Ukraine) შექმნის. მის ფარგლებში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს წვრთნები ჩაუტარდება. მისია ასევე კოორდინირებას გაუწევს ევროკავშირის იმ ქვეყნების საქმიანობას, რომლებიც უკრაინაში წვრთნებს გამართავენ.