შს მინისტრმა ვერტმფრენის გამოყენების საკითხზე მის მიერ 14 აგვისტოს გაკეთებული განცხადებები განმარტა.
მინისტრის თქმით, ვერტმფრენი მუშაობდა დაღამებამდე და მან ევაკუაცია განახორციელა, დრონები კი, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
გომელაურის თქმით, „დრონი ბევრად ეფექტიანია, ვიდრე ვერტმფრენიდან პროჟექტორით დაბლა ყურება,“ „რადგან დრონს აქვს სითბური და ღამის ხედვა.“
„რაც შეეხება გუშინდელ ჩემ განცხადებას, აჟიოტაჟი ატყდა ამ ვერტმფრენებზე, მე მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ, ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალებები, შეუძლია აფრინდეს ვთქვათ, აეროპორტიდან თბილისის, ჩაფრინდეს ქუთაისში, სადაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს, მაღალ სიმაღლეზე რა თქმა უნდა.
შეუძლია, ასევე ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილზე, სადაც არის მთაგორიანი, მთები და ასე შემდეგ. სადაც არის მთები... მაგალითად, რაც მოხდა აქ, ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით, 6 საათისთვის. მე მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათმა ვინც გუშინ განცხადებები აკეთეს, რაღაც უაზრო.
ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე, შუაში მოხვდნენ, სადაც იყო დაახლოებით 70 კაცამდე, ეს ხალხი გამოიყვანეს, ამასთან ერთად მუშაობდა დაახლოებით 4-5 დრონი, თავისი სითბურებით, რომლებიც ვერტმფრენით შემოფრენას ბევრად უკეთ ხედავს დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობდა 5 თუ 6 დრონი დაახლოებით, დაბალ სიმაღლეზე, მაღალ სიმაღლეზე.
კითხვას ვსვამ ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა პირობითად, თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით?! ეს რომ ადამიანი იყო ჩარჩენილი დაახლოებით დღევე, დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმა რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ მაგ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და არ არსებობს, ამოიყვანდნენ აუცილებლად ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი ან ჩაფულილი საიდანაც შეიძლებოდა, ამოგვეყვანა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა.
ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.