ჩინეთის თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო ვიზიტით ბელორუსში იმყოფება

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ 16 აგვისტოს ბელორუსში ჩავიდა. ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BELTA ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

BELTA-ს ცნობით, ბელორუსში შეხვედრებისას განიხილება სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. ლი ასევე ეწვევა რამდენიმე სამხედრო ობიექტს.

15 აგვისტოს ლი შაგფუ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, მოსკოვში შეხვდა.


ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა გამოვიდა გაფრთხილებით „დასავლეთის სავარაუდო მცდელობებსთან მიმართებით, გამოიყენონ ტაივანი ჩინეთის შესაკავებლად.“ მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მცდელობები „რა თქმა უნდამ მარცხით დასრულდება.“


ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს სამხედრო კავშირები, ჩაატარეს ერთობლივი პატრულირება და სამხედრო წვრთნები. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აპრილში მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და პირობა დადო, რომ გააძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას. ივლისში, პეკინში ლი შანგფუ რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელს შეხვდა.
 
 
შეგახსენებთ, ჯედაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც საუდის არაბეთი მასპინძლობდა, დიპლომატები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. განიხილეს სამშვიდობო ფორმულის შესრულების საკითხები. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში, დიდი შვიდეულის სამიტზე წარადგინა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებში ჩინეთის მონაწილეობა პროდუქტიული ნაბიჯია.

ჩინეთი თავს იკავებს მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობს.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. დასავლეთი ჩინეთს მოუწოდებს, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მოსკოვმა უკრანაში ომი დაასრულოს.

რაც შეეხება ბელორუსს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.


ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.


ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.

შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.

გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტისმინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.


2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.