თურქეთი რუსეთს მოუწოდებს, შავ ზღვაში ესკალაციის გამოწვევას თავი აარიდოს

თურქეთმა ტვირთის გადამზიდ გემ Sukra Okan-თან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსეთს მოუწოდა, თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც შავ ზღვაში ესკალაციას იწვევს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგობის ცენტრის (DMM) განცხადებაშია ნათქვამი.

„რუსული მხარე სათანადოდ იყო გაფრთხილებული მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების აუცილებლობის შესახებ, რამაც შეიძლება, გაზარდოს დაძაბულობა შავ ზღვაში,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს, ცენტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გემის მფლობელი და ეკიპაჟი თურქები იყვნენ, Sukra Okan-ი ამ ქვეყნის დროშით არ მიცურავდა. გარდა ამისა, ინციდენტი საერთაშორისო წყლებში მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თურქული მხარის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


13 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უკრაინის მიღმა გაუხსნა „გამაფრთხილებელი“ ცეცხლი სავაჭრო გემებს მას შემდეგ, რაც მოსკოვი გაეროს შუამავლობით დადებული  „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.


ამის შესახებ Alarabiya წერს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა „საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“ ავტომატური იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მას შემდეგ, რაც პალაუს დროშის ქვეშ მცურავი (Sukru Okan) ხომალდის კაპიტანმა შემოწმების მიზნით შეჩერების მოთხოვნას არ უპასუხა.“ გემი შეამოწმეს, რის შემდეგაც მან გზა განაგრძო.


რუსეთმა განაცხადა, რომ გემი უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა. Alarabiya-ს ცნობით, ბოლო მონაცემებით, გემი ბულგარეთის სანაპიროსთან იყო და რუმინეთის პორტ სულინასკენ მიემართება. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია.


რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მთავარი მოთამაშეები არიან ხორბლის, ქერის, სიმინდის, რაფსის, რაფსის ზეთის, მზესუმზირის თესლისა და მზესუმზირის ზეთის ბაზრებზე. რუსეთი ასევე დომინანტია სასუქების ბაზარზე.


მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“


„უკრაინა და დასავლეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ნაბიჯები უკრაინის პორტების დე-ფაქტო ბლოკადას უტოლდება, რაც უკრაინიდან მსოფლიო ბაზრებზე ხორბლისა და მზესუმზირის გატანას შეწყვეტით ემუქრება. რუსეთი კი ამბობს, რომ დასავლეთმა ვერ შეასრულა პარალელური შეთანხმება, რომელიც მისი სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის წესებს ამსუბუქებს,“ წერს Alarabiya სტატიაში ქვესათაურით: შავი ზღვა ომის ზღვარზე?


ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.


შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ასევე წაიკითხეთ: