რუსული სპეცსამსახურები ინტერნენტის გამოყენებით ცდილობდნენ, რომ პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს შორის მათთან თანამშრომლობის მსურველი ხალხი გადაებირებინათ. Washington Post-ის თანახმად, დაქირავებულთა ამოცანები მოიცავდა პრორუსულ აგიტაციას, დაზვერვას პოლონეთის პორტებში, უსაფრთხოების კამერების დამონტაჟებას რკინიგზაზე და GPS-ის „შუქურების“ დამონტაჟებას სამხედრო ტვირთში, რომელიც უკრაინის მიმართულებით პოლონეთის გავლით მიდის.
მიმდინარე წლის მარტში, როგორც The Washington Post-ი იუწყება პოლონეთის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით, გადაბირებულებმა მიიღეს ბრძანება პოლონეთის რკინიგზაზე საბოტაჟის მოწყობის შესახებ, რათა ჩაეშალათ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება.
პოლონეთის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ამ ოპერაციის უკან რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო (ცნობილი როგორც GRU) დგას. ჟურნალისტების თქმით, პოლონეთში ამ ოპერაციას უწოდებენ NATO-ს წევრი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
Washington Post-ის ცნობით, ამჟამად პოლონეთში დივერსიისა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჩასული და ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები უკრაინის 12 მოქალაქე, ასევე, ბელორუსის სამი და რუსეთის ერთი მოქალაქე.
14 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც „ვაგნერთან“ დაკავშირებით, პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. NATO-ს ქვეყნებიდან ყველა სამხედრო დახმარების დაახლოებით 80% უკრაინაში პოლონეთის გავლით აღწევს.
მაგალითად, ქალაქი ჟეშოვი, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობს, უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი გახდა. მისი აეროპორტი, რომელსაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და 1700 ამერიკელი ჯარისკაცი იცავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება.
რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის პირველი კონტინგენტი გასული წლის თებერვლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩავიდა.
პოლონეთის ხელისუფლება საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით დამატებით ზომებს მიმართავს მას შემდეგ, რაც მეზობელ ბელორუსში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ათასობით დაქირავებული ჩავიდა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა.