რეზნიკოვის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს

უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა.

რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.


რაც შეეხება უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ამაზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი საუბარი, როდესაც ინსტრუქტორები უკრაინელი პილოტებისა და მომსახურე პერსონალის უნარებს შეაფასებენ.


შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა.

თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.