20 აგვისტოს რუმინეთისა და შავი ზღვის ცაზე NATO-ს რეკორდული რაოდენობის სადაზვერვო თვითმფრინავი დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია Adevarul.ro Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკავშირეთა თვითმფრინავები ოკუპირებულ ყირიმში რუსებს ყველა სატრანსპორტო საშუალებით ადევნებდნენ თვალყურს, რაც უკვე დიდი ხანია ხდება, მაგრამ 20 აგვისტოს რეკორდული რაოდენობის ფრენები დაფიქსირდა.
როგორც მასალაშია ნათქვამი, თავდაპირველად ეს იყო ორი Boeing E-3 Sentry, რომლებიც პარალელურად დაფრინავდნენ რუმინეთის თავზე NATO 11 და NATO 12-ის აღმნიშვნელი ნიშნებით.
მოგვიანებით, ცაზე შენიშნეს აშშ-ის საზღვაო ძალების Lockheed EP-3E Aries II-ს ტიპის თვითმფრინავი, კოდით XC12, რომელიც საათობით დაფრინავდა დუნაის დელტის გარშემო, ზოგჯერ კი - შავ ზღვაზე. თავის მხრივ, უკრაინის საზღვარზე პატრულირება განხორციელდა Bombardier Challenger 650 ARTEMIS-ის თვითმფრინავით, რომლებიც დიდი რაოდენობით სენსორებითა და კომპიუტერებით არის აღჭურვილი. ეს საშუალებას აძლევს მას, მტერი ასობით კილომეტრში აკონტოლოს.
ეს თვითმფრინავი კერძო საკუთრებაშია და მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე სამხედრო პერსონალი არ ჰყავს, პენტაგონის ექსპერტები მის სენსორებს სატელიტის საშუალებით უკავშირდებიან და მონაცემებს რეალურ დროში აგროვებენ. წყაროების თქმით, სერვისის მფლობელი კომპანიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს პენტაგონი ფარავს.
ასევე შავი ზღვის თავზე დაფიქსირდა Northrop Grumman RQ-4B Global Hawk-ის დრონი - FORTE10, რომელსაც აქვს მრავალი ელექტრო-ოპტიკური და ინფრაწითელი სენსორი, ასევე მაღალი სიზუსტის რადარი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, ერთ დღეს 100 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია აკონტროლოს.
თვითმფრინავების ზუსტი რეკორდული რაოდენობა წყაროს მითითებული და დაკონკრეტებული არ აქვს. ინფორმაციისთვის, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევებს აძლიერებს, რაც მათ შორის NATO-ს წევრი რუმინეთის შეშფოთებას იწვევს.