პენტაგონი: არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ „პრიგოჟინის თვითმფრინავი“ რაკეტით ჩამოაგდეს

პენტაგონის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, მიწა-ჰაერი კლასის რაკეტამ ჩამოაგდო. მას ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა შეერთებული შტატების ხელისუფლება, რომ თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, ან იყო ეს ავიაკატასტროფა თუ განზრახ ჩადენილი მკვლელობა.

„ამჟამად არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს პრესაში გავრცელებულ ცნობას, რომ თვითმფრინავი მიწა-ჰაერის კლასის რაკეტამ ჩამოაგდო,“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა.


Reuters-მა 24 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შესახებ არაერთ თეორიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავს მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა ესროლეს.


შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.


პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.


„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.