დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღესასწაული მოლდოვაში ყოველ წლის 27 აგვისტოს აღინიშნება.
თავის მიმართვაში მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა არის „იმედის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ქვეყანა, სახლი ყველა მოლდოველისთვის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.
მან მოლდოველებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ თავიანთი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად.
შეგახსენებთ, მოლდოვა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მოწადინებულია, ბლოკს 2030 წლისთვის შეუერთდეს.
კიშინიოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის წინააღმდეგობის გაწევით, უკრაინა მოლდოვის უსაფრთხოებასაც იცავს.
ქვეყანა, სხვა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებთან ერთად, იმ დროს საკუთარი მომავლის არჩევაში თავისუფალი გახდა. რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოლდოვის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარა. 1992 წელს მოლდოვის რესპუბლიკა გახდა გაეროს წევრი, რითაც მიიღო სახელმწიფოებრიობის აღიარება. 1995 წელს შეუერთდა ევროპის საბჭოს და აიღო ვალდებულებები, უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება.
ცნობისთვის, 1991 წლის 27 აგვისტოს მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მოლდოვის გამოსვლას გულისხმობდა. ის უქმე დღედ არის გამოცხადებული.
რუმინული მოლდოვის ოფიციალური ენაა.
მოლდოვა — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს რუმინეთსა და უკრაინას შორის. რუმინეთი მას დასავლეთიდან ესაზღვრება, უკრაინა კი, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. დედაქალაქია კიშინიოვი.
სსრკ-ის დაშლის პერიოდში, 1991 წელს მოლდოვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმავე საზღვრებში, რაც მოლდოვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ეკავა. მიუხედავადა ამისა, 1990 წლიდან ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ ნაპირზე დე ფაქტო დამოუკიდებელი, თვითგამოცხადებული ტერიტორიის სახით არსებობს, დნესტრისპირეთის ადმინისტრაციის ქვეშ. 1994 წლის 29 ივლისს ქვეყნის ახალი კონსტიტუცია მიიღეს.