ვარჰეი: ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია.

ოლივერ ვარჰეის ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ ჰკითეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.


„თუკი ეს არის საბჭოს გზავნილი, რომ საბჭოს სურს, გადადგას საბოლოოდ დიდი ნაბიჯი გაფართოებისკენ, ეს მისასალმებელი ამბავია. რა თქმა უნდა, ევროკომისია ყოველთვის მზადაა, წარადგინოს ინიციატივა, რომელიც ჩვენ იქამდე მიგვიყვანს. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ვადების საკითხი, ვფიქრობ, ეს უფრო ნებისა და, რა თქმა უნდა, დაპირების შესრულების საკითხია – ევროკავშირის მხრიდან, ასევე დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის მხრიდან.

ევროკომისია მზად არის, წარადგინოს ინიციატივა ამ მიზნის მისაღწევად და ამას თქვენ უკვე ოქტომბერში ნახავთ, როდესაც ჩვენ გვსურს, წარვადგინოთ არსებითი წინადადებები, მათ შორის, ზრდის გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა უკვე განმარტა ბრატისლავაში, რომ ჩვენ დავაჩქარებთ არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციასაც, ევროკავშირში ხალხისა და ეკონომიკების რეალურ ინტეგრაციას,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.


რომელი ქვეყნები არიან ყველაზე მეტად დაახლოებული ევროკავშირთან და რომელი ქვეყნები გაწევრიანდებიან ევროკავშირში პირველი, ამ შეკითხვის საპასუხოდ, ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ყველაზე ახლოს ისინი არიან, რომლებიც პირველები შეასრულებენ პირობებს.

„ამდენად, მოვუწოდებ ყველა მათგანს, დააჩქარონ თავიანთი სამუშაო. ვფიქრობ, ახლა ყველა მათგანს აქვს ყველაფერი და მათ ყველაფერი ექნებათ მაგიდაზე ოქტომბერში. ვიმედოვნებ, ამ ევროპული შეთავაზებით დაინტერესებული იქნება არამხოლოდ ერთი, არამედ ყველა მათგანი,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.


შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.

„გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.


29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში.


ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.

  • უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.


საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“


ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი.

სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.