რა წერია კონსტიტუციაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესთან დაკავშირებით

პრეზიდენტის იმპიჩმენტის აღსრულებას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. საკითხის აღძვრის უფლება კი, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს.

კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, უპირველესად საკითხი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. მმართველი გუნდი, რომელმაც დღეს, პირველ სექტემბერს დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურები, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს „საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას.“ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.


კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტმა დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.


„იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს.

ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.


გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული.

იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველი სექტემბრის ბრიფიგნზე.


30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 

საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს.


სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა პირველად იწყება.