საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე

საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ევროპულ ინტეგრაციას ემუქრება.

„იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსული ოცნება" აგრძელებს საბოტაჟს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის. მათ სურთ, გადაფარონ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც არის მათთვის სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი, „ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა, ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს... და ზოგადად, ამ ოპოზიციის სხვა აქტორების აქტივობას უკავშირებენ ამ ხელოვნურ თემებს," - ამბობს ფავლენიშვილი.


თავის მხრივ, „ლელო" მოუწოდებს ყველას, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, მმართველ გუნდთან არ შევიდეს არანაირ განხილვაში.

„შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდი ვერ ახორციელებს რეალურ პოლიტიკურ პროცესებს და ამისთვის ქმნის სრულიად გაუგებარ და გაუგონარ პოლიტიკურ მაქინაციებს. ჩვენთვის ცხადია ის, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პრორუსული გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად საქართველოს ხელისუფალი ქართული ოცნების სახით,რომელიც ემსახურება ყოველდღიურად რუსეთის ინტერესებს იწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის გავლით.


ეს იქნება იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება და წარმოუდგენელია რომ მისი ფინალამდე მიყვანა "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს. მოვუწოდებთ მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, არ შევიდეს არანაირ განხილვაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება გამყოფი წითელი ხაზი "ქართული ოცნების" პრორუსულ პოლიტიკასა და პროდასავლურ ნაბიჯებს შორის," - განაცხადა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.


„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ევროპული კურსის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინისთვის კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს, 

პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ყველა ხელის მომწერი იქნება საქართველოს ღალატზე რუსეთის სასარგებლოდ.

„ევროპაში ვიზიტისა და სტატუსზე მოლაპარაკებების გამართვის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება „ქართული ოცნების“ ლუსტრაციას მოახდენს, რომ ისინი არიან რუსეთის დაკვეთის შემსრულებლები. კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივზე მეტად პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკური პროცესია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია ხდება, თუ ვის სამსახურში დგას ხელისუფლება. მათი გაშიშვლება ხდება. ეს ყველაფერი უკვე წყალგამყოფია – ამაზე ხელმოწერა საქართველოს ინტერესების ღალატს ნიშნავს. ჩვენ დავთვლით, რამდენი მოღალატეა საქართველოს პარლამენტში, რომელიც მზად არის, ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტს პასუხი აგებინოს. ეს არანაირი სამართლებრივი საკითხი არ არის. ევროპული კურსის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინისთვის კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს. ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ყველა ხელის მომწერი იქნება საქართველოს ღალატზე რუსეთის სასარგებლოდ,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.


პარტია „გირჩის“ წევრს, ალექსანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, შესაძლოა, პრეზიდენტი დათმობაზე წავიდეს და სააკაშვილი შეიწყალოს.

„ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ბუა სჭირდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას, რადგან ციხეში პოლიტიკურად ძალიან სუსტად გამოიყურება და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ თავად არ გამოუშვან და ეს პრეზიდენტის ხელით გააკეთონ. იმპიჩმენტს „ნაცმოძრაობის“ ხმების გარეშე ვერ გააკეთებენ, 13 ადამიანს ვერ მოისყიდიან. ასეთ კონფიგურაციაში „ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება – თუ მიშას არ გამოუშვებთ, იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთო. ამ სიტუაციაში პრეზიდენტმა შეიძლება, იმპიჩმენტის გამო დათმოს და მიშა შეიწყალოს. მას ბოლომდე „ნაცობა“ „შეეტენება“, „ქართულ ოცნებას“ კი საარჩევნოდ ბუა ეყოლება და მიშას გათავისუფლებაც არ დაჰბრალდება,“ ამბბობს რაქვიაშვილი.


შეგახსენებთ, დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.


ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 

საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს.


სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა პირველად იწყება.