ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამუშაო პროცესი გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი ფაქტორების გარეშე მიმდინარეობს. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ანაკლიის განვითარდება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით მოხდეს - მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი და ალბათ, 2024 წლის დასაწყისში გამორჩეული პარტნიორი გვეყოლება,“ - ამბობს დავითაშვილი.
„ჩვენ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მივაწვდით, უბრალოდ პროექტის განხორციელების ეფექტურობის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ფრთხილად ვართ კომუნიკაციის ნაწილში, მაგრამ მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი სამინისტროს შიგნით.
მიმდინარეობს ორი პარალელური პროცესი. დღეს ჩვენ გვყავს წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუშაობს ინვესტორის შერჩევაზე. ასევე, გვყავს სახელმწიფო კომპანია, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო ტექნიკურ საექსპერტო კომპანიასთან ერთად, მუშაობს არსებული პროექტის შეფასებაზე და მათ შორის სამშენებლო კონკურსის პირობების ჩამოყალიბებაზე, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პარალელურად სამუშაო პროცესების დაწყება წლის ბოლომდე,“ - აღნიშნა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
გარკვეული კონტექსტი
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა.
კრიტიკოსებს ეს აფიქრებინებს, რომ ანაკლიის პროექტი შესაძლოა, ჩინური ინვესტიციებით განხორციელდეს, რასაც რიგი აქტორები, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდან, კრიტიკულად აფასებენ, თუნდაც რუსეთთან პეკინის კავშირების გამო.
შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს.
ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.
ამავე თემაზე გაეცანით:
-
ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
-
ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
-
ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
-
პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
- ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება
- კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი