თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ხელშეკრულებას, როცა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება დაცული იქნება.
ამის მიუხედავად, პუტინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ერდოღანს „აქვს რწმენა, რომ მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით შეთანხმება „მალე შედგება.“
უკრაინული მედია წერს, რომ ერდოღანი ვერ „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის თაობაზე პუტინი „ვერ დაარწმუნა“.
„რუსეთი მზად იქნება განაახლოს მარცვლეულის შეთანხმება და გააკეთებს ამას, როგორც კი ყველა შეთანხმებული ვალდებულება შესრულდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სოჭში. პუტინმა აღნიშნა, რომ ის ელოდება ევროპის ბაზრისთვის რუსულ მარცვლეულთან და სასუქებთან დაკავშირებული სანქციების მოხსნას.
ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.
ასევე წაიკითხეთ:
დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა.
დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა.
კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს.