მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს

თურქეთი მზადაა, უკრაინის პორტებიდან შემოსულ გემებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტია მისცეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ Haber Global TV იუწყება.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, უკრაინიდან არცერთი გემი არ გასულა, მაგრამ თუ ის ჩამოვა, მას სრუტეში გავლის საშუალებას მისცემენ,“ - ციტირებს არხი თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წყაროს.



უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი პირველმა სამოქალაქო გემმა გაიარა.

„უკრაინამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისკენ. პირველმა სამოქალაქო გემმა, რომელიც ოდესის პორტიდან გავიდა, ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. ახლა ის ბოსფორისკენ მიემართება,” - წერდა ზელენსკი 16 აგვისტოს გვიან საღამოს.


დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.

დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში - „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა.


შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“


ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.


შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ასევე წაიკითხეთ: