აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა ტრადიციულ ბრიფინგზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაერთიანდნენ და კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაზე ერთად იმუშაონ.

შეკითხვა ეხებოდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. ამ თემაზე სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი კომენტარი გაკეთდა.

„ჩვენ მკაფიოები ვიყავით, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ნათლად ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა განუსაზღვრა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს. საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, რომ გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის იმუშაონ, განსაკუთრებით საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა,“ – განაცხადა ვედანტ პატელმა.


პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.