რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ, NATO ბუქარესტს სოლიდარობას უცხადებს.
„რუმინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს სავარაუდოდ დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მოკავშირეებმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს რუმინეთს. სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ და მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან“, - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა.
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით „სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება“ უნდა ჩატარდეს.
იოჰანისის თქმით, გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს და თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ეს რუმინეთის, NATO-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება.
NATO-ს წევრმა რუმინეთმა, თავდაპირველად არაერთხელ უარყო უკრაინის განცხადება იმის შესახებ, რომ კვირას, ღამით, უკრაინის პორტ იზმაილზე თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონები დაეცა და აფეთქდა, მაგრამ ოთხშაბათს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევების მსგავსი ელემენტები აღმოაჩინეს.