საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პლენუმი პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე 80 დეპუტატის წარდგინებას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.
„მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია №1797 კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით („საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების (სულ 80 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე“).
კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მომართეს 2023 წლის 12 სექტემბერს. კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, 14 სექტემბერს, წარდგინება დარეგისტრირდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში. ინფორმაცია №1797 კონსტიტუციური წარდგინების განხილვის თარიღის შესახებ გავრცელდება დამატებით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ „საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.“