„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდება, უმრავლესობა მას მხარს არ დაუჭერს. კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.
კობახიძის თქმით, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა და ევროკომიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს.
„გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.
ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებეში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტშია ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის, როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხირდან, ისევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტის წევრებისგან, თუ სხვა უცოხელი პოლიტიკოსების მიერ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.
ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
- დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
- როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.