თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ მგზავრთა გადაყვანის დაწყება, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზზე სამუშაოსა და მგზავრთა გადაყვანისთვის საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება.
მინისტრის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ხაზის 246 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან.
„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა.
მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“.
გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება.
BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.
BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).
-
ასევე წაიკითხეთ: ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს
-
თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს
-
ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია
-
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე
-
რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე