სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატისთვის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხზე არავის მიუმართავს. როგორც იოსელიანმა მედიასთან განაცხადა, თუ შესაბამისი მომართვა იქნება, სახალხო დამცველი საკითხს შეისწავლის.
„ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებული იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ.
ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე, თვალყურს ვადევნებთ. თუ იქნება მხარე დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც მისი უფლების დარღვევის შესახებ ისაუბრებს, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით. ჩვენთვის არავის მოუმართავს და გამოძიების ნაწილში კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით განცხადებები არ შეგვიძლია,“ - განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“
საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.
ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა.
- სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.