20 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებთან მოლაპარაკება გამართა.
აშშ-ის პრეზიდენტი კრიტიკული მინერალების შესახებ დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოვიდა, რითაც აშშ აგრძელებს ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარების მხარდაჭერას.
„ჩვენ ვაშენებთ მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას ცენტრალურ აზიასა და შეერთებულ შტატებს შორის - თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ერთობლივ ერთგულებას,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიღმა გამართულ "C5+1" სამიტზე, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების მონაწილეობით, ნიუ-იორკში.
მოგვიანებით C5+1-ის განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც. მასში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტების გასაუმჯობესებლად. განცხადების ავტორების შეფასებით, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის ასევე აუცილებელია ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის - ე.წ. „შუა დერეფნის“, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ცენტრალური აზიის სამხრეთ აზიასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელების გაფართოება, განვითარება, დაკავშირებადობის დაჩქარება.
ამის შემდეგ, უკვე გერმანიამ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა პარასკევს პირველი სამიტი გამართეს და შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს. კანცლერმა ოლაფ შოლცმ 30 სექტემბერს ა ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს ბერლინში გამართულ სამიტზე უმასპინძლა, რათა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროებში თანამშრომლობა განეხილათ.
-
ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები ბაიდენის შემდეგ შოლცს შეხვდნენ
-
თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს
ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ გერმანიასა და ცენტრალურ აზიას შორის „სტრატეგიული რეგიონული პარტნიორობის“ დამყარებაზე შეთანხმდნენ და პირობა დადეს, რომ ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგან.
ისინი ასევე მიესალმნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ანგარიშს, რომელმაც მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება მოახდინა.
ოფიციალური პირების განცხადებით, მომავალ წელს რეგიონში გერმანიის კანცლერისა და ცენტრალური აზიის ლიდერების მეორე სამიტი გაიმართება.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.
TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.
-
შუა დერეფანს სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა უერთდებიან
-
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში შუა დერეფანი ღირებული ალტერნატივაა
ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.