გაეროს მისია მთიან ყარაბაღში ჩავიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპიკერმა AFP-ს განუცხადა, რომ "გაეროს მისია ყარაბაღში კვირა დილით ჩავიდა" - ძირითადად ჰუმანიტარული საჭიროებების შესაფასებლად.
ეს არის პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ რეგიონში წვდომა მოიპოვა.
გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ გაეროს გუნდი ადგილზე „დაადგენს ჰუმანიტარულ საჭიროებებს, როგორც დარჩენილი ადამიანებისთვის, ასევე, იმ ხალხისთვის, ვინც გადაადგილდება.
მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.
20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.
მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.