საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკვგვერდზე გავრცელდა.


"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს", - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თამარ ჩუგოშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში პარტია "ქართული ოცნების" სიით მოხვდა. ის სამი წლის განმავლობაში იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, იმ დრომდე, სანამ სახელისუფლებო პარტია არ დატოვა - მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით დაპირების არშესრულება იყო;მაია კოპალეიშვილი 2009 წლის დეკემბრიდან 10-წლის ვადით იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას.


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას დღეს განიხილავს.