რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი

გაეროს გუნდმა, რომელიც მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა, ვერ ნახა სამოქალაქო ინფრაქტრუქტურის რაიმე დაზიანების ფაქტი. Reuters-ის ცნობით, განცხადება ამის შესახებ  გაეროს წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა გააკეთა.


„ჩვენი კოლეგები გაოცებულნი დარჩნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სახლებიდან უეცარი გაქცევით...“ - განუცხადა დუჟარიკმა ჟურნალისტებს.

„მათ არ შეხვედრიათ არავითარი ცნობა - არც ადგილობრივი მოსახლეობისგან და არც სხვებისგან, ძალადობის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ,” - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.


ყარაბაღის დაახლოებით 120,000 მცხოვრებიდან ტერიტორია თითქმის ყველამ დატოვა.
 

მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.


შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.


მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.