ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება როგორც ევროკავშირის, ასევე, აშშ-ის მხარდაჭერა.

მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უწევს.

„ჩემი და უკრაინელების იმედი და მჯერა, რომ ყველას იმედი, ვისაც ამ ომში პუტინის გამარჯვება არ სურს, შეეხება გზების პოვნას, რომ ამ საკითხს შეერთებულ შტატებში დაუბრუნდებიან და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ,“ - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.


კითხვას, შეუძლია თუ არა ევროკავშირს, შეავსოს ხარვეზი შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარების ჩასანაცვლებლად? - ბორელმა უპასუხა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გეგმავს, თუმცა შეერთებულ შტატებს ვერ ჩაანაცვლებს.

„რა თქმა უნდა, ევროპა ვერ ჩაანაცვლებს შეერთებულ შტატებს. ევროპა ზრდის მის მხარდაჭერას, რომელიც წინადადების პროექტში სამოქალაქო და ეკონომიკური საჭიროებებისთვის 50 მილიარდ ევროს ითვალისწინებს, 20 მილიარდს კი სამხედრო საჭიროებისთვის,“ - აღნიშნა ბორელმა.


შეგახსენებთ, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს. მანამდე კონგრესმა ამოიღო დებულებები უკრაინის შემდგომი დახმარების შესახებ შეთანხმებიდან, რამაც თავიდან აიცილა მთავრობის ნაწილობრივი დახურვა.

ბაიდენმა მიანიშნა, რომ ეძებს ალტერნატიულ გზებს უკრაინის დახმარების შესანარჩუნებლად. „ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას შემდეგი ტრანშით, რომელიც გვჭირდება,” - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

„არის სხვა საშუალებები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ დაფინანსება,“ - განმარტა ბაიდენმა დეტალების დაზუსტების გარეშე.

პენტაგონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, დაფინანსება უახლოეს თვეებში ამოიწურება. 


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა.


მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი."

„აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა.


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას.


ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.