საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 3 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავდა. თავად პრეზიდენტი პროცესებს არ დასწრებია. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ.
„ბუნებრივია, ჩვენი მზიანია დეპუტატების დარწმუნება იმაში, რომ მათაც ჩვენსავით პრინციპულად დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ლუსტრაცია მოხდება, როდესაც პარლამენტის სხდომაზე გავა ეს საკითხი. ვნახავთ, ვინ დგას კონსტიტუციის სადარაჯოზე და ვინ არ დგას. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, ეს არის კონსტიტუციური მიზანი, საქართველოს პრეზიდენტის გადაყენება.
დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ პრეზიდენტის წარმომადგენლებიც:
„რას ვაკეთებთ აქ და სად ვართ?! ჩვენ ვაფასებთ და საქართველოს პარლამენტმა დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იმის გამო, რომ იგი შეხვდა ევროპელ ლიდერებს და სთხოვა მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში და როდესაც ჩვენ გვინდა, ვიღაცას ვკითხოთ არის თუ არა ეს დამაზიანებელ, რა პროცესში ვართ, ირაკლი კობახიძეს კი არ უნდა ვკითხოთ, უნდა ვკითხოთ იმ ხალხს ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ვინ არის არბიტრი, და ვინც არის მსაჯი და ვინც უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი.
და ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათი პრეზიდენტები ამბობენ, რომ პროცესის მონაწილეები არ არიან - დიახ, არა, ვამბობ, რომ ვისი აზრია მნიშვნელოვანი, ვის შეფასებას აქვს მნიშვნელობა.
მხარის კი არა, რომელმაც პოლიტიკური ანგარიშსწორება დაიწყო პრეზიდენტის მიმართ, არამედ იმ ხალხს, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ერთადერთი რასაც ამბობენ, ამბობენ იმას, რომ მიესალმებიან იმ შეხვედრებს, რომლებიც გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან და რიგ შემთხვევაში, მოუწოდებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ჩვენს პრემიერ-მინისტრს ასევე, ჩავიდეს და შეასრულოს თავისი როლი.
ახლა რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, ყველა პირი, ვისაც აქვს წარმომადგენლობითი უფლება, რომ წარმოადგინოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დადიოდეს დედაქალაქიდან დედაქალაქში, ელაპარაკებოდეს ყველას, ვისთანაც მიუწვდება ხელი და უნდა ცდილობდეს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ სტატუსი და აქ კი არ უნდა ვისხდეთ და აქ კი არ უნდა ვასამართლებდეთ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულა, დასანანია, ძალიან სამწუხაროა.
გაესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საერთაშორისო ურთიერთობებში აქტიურად ჩართულები, რომლებიც არიან კვალიფიციურები, რომლებიც უშუალოდ არიან შემხებლობაში იმასთან, რა ხდება დღეს, ზუსტად იციან, არც მე მენდოთ და არც პარლამენტს ენდოთ, ენდეთ ობიექტურ დამკვირვებელს, რომელმაც ეს საქმე იცის, რომელსაც ეს საქმე ესმის და რომელიც კვალიფიციურად გეტყვით რა ხდება იქ, რას ნიშნავს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მაია კოპალეიშვილის შეფასებით, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან, რადგან კონკრეტულად არ მოსწონთ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი განცხადება. მისივე შეფასებით, პიროვნული შეუთავსებლობის გამო სხვა გზა ვერ მონახეს პრეზიდენტის წინააღმდეგ და გამოიყენეს იმპიჩმენტის პროცედურა. მას იმედი აქვს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ მოექცევა პოლიტიკური პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლოში როდესაც გადმოვიდა ეს საკითხი, შეიძინა სამართლებრივი სივრცე, სადაც არსებობს მოლოდინი, რომ ჯეროვანი პროცედურის დაცვით გამოიკვლევს ამ ყველა სამივე ფაქტს, ფაქტობრივ გარემოებას, შეაფასებს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმებთან მიმართებით და ისე მიიღებს გადაწყევტილებას.“
„დღეს დავინახეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აქვთ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებები, არ ადარდებთ, კონსტიტუცია დაირღვა თუ არა. მათი დარდი არის წმინდად პოლიტიკური, გაბრაზებული და განაწყენებული არიან საქართველოს პრეზიდენტზე.“
„დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 49-ე მუხლის შინაარსობრივ დატვირთვას 52-ე მუხლთან კავშირში. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში და მძევალი იყოს მთავრობის ნებართვის. წარმოუდგენელია, სახელმწიფოს მეთაური ელოდებოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დღეს გერმანიის პრეზიდენტის მაგალითიც მოგვიყვანეს, რომლის მიხედვითაც, თურმე ქვეყნის შიგნითაც ვერ მიიღებს ვერავის მთავრობის თანხმობის გარეშე. თქვენ ახლა რომ დაადგინოთ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, თქვენი ეს დასკვნა ვერანაირად ვერ მოიპოვებს დასაბუთებას, ან ნდობას საზოგადოებაში. თქვენ შეიძლება ძალიან ასიამოვნოთ პოლიტიკურ უმრავლესობას ამ საკითხში, მაგრამ ნდობა თქვენ დასკვნას ვერ ექნება, რადგან ეს არ არის ის კონკრეტული დარღვევა, უხეში დარღვევა, რაც გინდათ ის დაარქვით, რომელმაც კონსტიტუციური წესრიგი არია,“ – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.