ბლინკენი: ისრაელზე ჰამასის „შეტევა“, უკრაინაზე დასავლეთის ფოკუსირებით სარგებლობას არ უკავშირდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არ ფიქრობს, რომ „ჰამასის“ შეტევა ისრაელზე, მცდელობაა, ისარგებლონ დასავლეთის ფოკუსირებით უკრაინაზე. ბლინკენის თქმით, ექსტრემისტული ორგანიზაციის მოტივები ჯერ კიდევ გაურკვეველია.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ისრაელისა და საუდის არაბეთის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, ისრაელმა ასევე გააფართოვა ურთიერთობები ბევრ სხვა ქვეყანასთან რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ… ეს ნამდვილად შეცვლის მთელი რეგიონის პერსპექტივას მომავალში,“ - განაცხადა ბლინკენმა 8 ოქტომბერს CBS-თან ინტერვიუში.


„ახლა, ვინ არის ამის წინააღმდეგი? „ჰამასი“, „ჰეზბოლა“, ირანი. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს,“ - აღნიშნავს ბლინკენი.

კითხვას, სთხოვა თუ არა აშშ-მ ისრაელს, არ დაერტყა ირანისთვის, რომელმაც, ზოგიერთი ცნობით, გადამწყვეტი როლი ითამაშა „ჰამასის“ შეტევის დაგეგმვაში, ბლინკენმა უპასუხა, რომ "ერთადერთი რაც ჩვენ ვუთხარით ისრაელს", ვაშინგტონის მხარდაჭერის უზრუნველყოფა იყო.

ირანი „ჰამასის“ თავდასხმებში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს.

  • „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის პასუხში. პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან,“ - აღნიშნულია გაეროში ირანის მისიის განცხადებაში.

მისიის მტკიცებით, „ჰამასის“ "ოპერაციის წარმატება" გამოწვეული იყო იმით, რომ ის მოულოდნელი იყო. ისრაელის უსაფრთხოების ორგანიზაციებმა კი მარცხი განიცადეს.

„ისინი ცდილობენ, გაამართლონ თავიანთი მარცხი და მიაწერონ ის ირანის დაზვერვის ძალასა და ოპერატიულ დაგეგმვას,“ - აღნიშნულია განცხადებაში


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფება, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციას აღიარებული „ჰეზბოლა“ ასევე ჩაერთო საომარ მოქმედებებში 8 ოქტომბერს. მათ პასუხისმგებლობა აიღეს დოვის მთასთან მომხდარ აფეთქებაზე.