პრეზენტის იმპიჩმენტი: დასკვნა დაწერილია, ცნობილია, როდის გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის ბოლო თარიღი 14 ოქტომბერია, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გადაწყვეტილება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს - 16 ოქტომბერს.


ტურავას თქმით, ევა გოცირიძეს დასკვნა უკვე დაწერილი აქვს, თუმცა მასში ცვლილების შეტანა სხვა მოსამართლეებსაც შეუძლიათ.

„საოქმო ჩანაწერში გარკვევით წერია, რომ დარეგისტრირდა 14-ში და პლენუმს გადაეცა 15-ში - პარლამენტში გადაწყვეტილებს გაგზავნის ბოლო თარიღი არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე შესაძლებელია, გადაწყვეტილება პირველ სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს გაუგზავნოს.


ჯერ ყველა მოსამართლემ უნდა მოაწეროს ხელი და ამის შემდეგ გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და დაიდება ჩვენს ვებგვერდზე. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტს ეგზავნება, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას ვაცხადებთ, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება, რაც მოხდება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს. ევა გოცირიძემ დასკვნა უკვე დაწერა, თუმცა ამ დაწერილ ტექსტში მოსამართლეებს შეუძლიათ, თავიანთი კორექტურა შეიტანონ,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ.


ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა.

იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს - „ქართულ ოცნებას” იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები პარლამენტში არ აქვს.


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.