პრეზიდენტი პარლამენტში: საკონსტიტუციომ თუკი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარლამენტში მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ესწრება, დეპუტატებს მიმართა. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მას კონსტიტუცია არ დაურღვევია.

„ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ.

ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ, როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე. საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას. 1. საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტერგრაციის შესახებ.

ესე იგი, თავადვე არ შეასრულა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ყველა და არა ექსკლუზიურად მთავრობისა, ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ვრცელდება. 2. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით და სრულად გადმოიტანა დასკვნაში. 3. მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია ის რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არამხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, გააცოცხლა ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია. მათი განსხვავებული აზრი გავრცელდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებელობა და პროფესიონალიზმი. ხვალინედელი სტუდენტები კი, ამით იამაყებენ და ამ მაგალითზე გაიზრდებიან. ეს იმედისმომცემია!“ განაცხადა ზურაბიშვილმა.


„საკონსტიტუციომ თუ კი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია. ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა... ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას.... სია შემიძლია, გავაგრძელო... ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა, და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ.

საკვირველია ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა!“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.



შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.