ლევან დავითაშვილი: ტრანსკასპიური დერეფანი ეფექტიანი გზაა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური დერეფნის ხარისხი, ტრანსკასპიური კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, შესაბამისად, ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა ინტერვიუ მისცა ჩინეთის ტელევიზიას, რომლის დროსაც რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე, ტრანსკასპიური დერეფნის როლსა და საჭიროებაზე არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით.


„ტრანსკასპიური დერეფანი დააკავშირებს ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ ევროკავშირს. საქართველოს გავლით ტვირთი შეიძლება, წავიდეს თურქეთში ან პირდაპირ ევროპის ქალაქებში. ეს არის ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად. „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა“ მასშტაბური ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ინიციატივაა, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე ქვეყნებმა თავიანთი ინფრასტრუქტურა განავითარონ. ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ნათლად ვხედავთ ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ზრდას,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.


TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.


ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.


აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.

ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.