აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
„ამას 3000 წელი დასჭირდა, წარმოგიდგენიათ? ეს მყარი იქნება. ეს მსოფლიოსთვის შესანიშნავი დღეა,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
მასთან ერთად შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ სისიმ, კატარის ამირამ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„ყოველთვის ამბობდნენ, რომ მესამე მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში დაიწყებოდა, მაგრამ ეს აღარ მოხდება,“ - აღნიშნა ტრამპმა ეგვიპტეში გამართულ მშვიდობის სამიტზე.
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი პირადად მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, კანადის პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, იორდანიის მეფე აბდულასა და სხვა ლიდერებს. სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
გასულ კვირაში, ეგვიპტეში ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით მიაღწიეს.
- ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა ცოცხალი მძევალი თავისუფალია
- რა არის ცნობილი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ